აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმების მსურველთა ტესტირება იწყება

თარიღი: 27 იანვარი 2011

27 იანვარს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო უზრუნველყოფის ოფიცრების შესარჩევი კონკურსი დაიწყო. I ეტაპზე  ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებმა ზოგად უნარ-ჩვევებში გაიარეს  ტესტირება.

ტესტირების პროცესი კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით გაიმართა. კონკურსის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა, მუშაობის დასრულებისათანავე ენახა მიღებული შედეგი.

პირველი ეტაპი ორ დღეს გასტანს. მონაწილეებს, რომლებიც გამსვლელ ქულას მოიპოვებენ, გასაუბრება ჩაუტარდებათ. შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ მომზადებას იუსტიციის სასწავლო ცენტრში, შემდეგ კი  აღსრულების ბიუროში ვაკანტურ პოზიციებზე დაინიშნებიან.

კონკურსი უწყებაში  საგადასახადო უზრუნველყოფის ოფიცრის პოზიციის შექმნის შემდეგ გამოცხადდა, რაც  აღსრულების ეროვნული ბიუროს  ფუნქციების გაფართოვებამ განაპირობა. ვაკანტური თანამდებობების დაკავების სურვილი  800-მდე კონკურსანტმა გამოთქვა.