საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ესპანეთში

თარიღი: 27 იანვარი 2011

2011 წლის 26-27 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვდა თავის ესპანელ კოლეგას, ესპანეთის სამეფოს იუსტიციის მინისტრს ფრანსისკო კაამანიო დომინგესს, გენერალურ პროკურორს კანდიდო კონდე-პუმპიდოსა და სხვა ოფიციალურ პირებს.

შეხვედრაზე განიხილეს ესპანეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები,  მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის სფეროში განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები, საქართველოს პროკურატურის სისტემაში ჩატარებული რეფორმები.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით ესპანეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2010 წლის 6 ივნისს ესპანეთის ქალაქ მარბელაში დაკავებული ზაქარია კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. ზაქარია კალაშოვის ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი, რომლის საფუძველზეც ზ. კალაშოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ ქურდული სამყაროს წევრობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის, რისთვისაც დაუსწრებლად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

2010 წლის 27 სექტემბერს მადრიდის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა ზაქარია კალაშოვის ექსტრადიციის თაობაზე.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა მადლობა გადაუხადა ესპანეთის სამეფოს იუსტიციის მინისტრს ფრანსისკო კაამანიო დომინგესს და გენერალურ პროკურორს კანდიდო კონდე-პუმპიდოს თანამშრომლობისთვის.