იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ახალი ოფისის პრეზენტაცია გამართა

თარიღი: 01 თებერვალი 2011

2011 წლის 1 თებერვალს იუსტიციის სასწავლო ცენტრის  ახალი ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და სასწავლო ცენტრის დირექტორი ნინო ბერუაშვილი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის  წარმომადგენლები,  საპატიო სტუმრები.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალ ოფისის გახსნა მიულოცა და მათ  წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ცენტრის გახსნა ჩვენი უწყებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვალდებულნი ვართ,  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს   კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება შევთავაზოთ, ეს კი, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული ზრდის გარეშე, შეუძლებელია. იმედი მაქვს, ცენტრის თანამშრომლები ახალ ოფისში განახლებული ძალებით გააგრძელებენ საქმიანობას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროკავშირის პროექტის ,,კანონის უზენაესობა საქართველოში" ხელმძღვანელმა რენატა ვინთერმა სასწავლო ცენტრს  პროექტის ფარგლებში შეძენილი წიგნები გადასცა.

ღონისძიების ბოლოს ცენტრის დირექტორმა ნ. ბერუაშვილმა სტუმრებს სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო და შეხვედრების  ოთახები დაათვალიერებინა.

სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

მის  ბაზაზე  განთავსებული ტრეინინგ-აუდიტორიები და კომპიუტერული კლასები ტრენინგების თანამედროვე მეთოდებით წარმართვის საშუალებას იძლევა.  ცენტრს აქვს იმიტირებული სასამართლოს დარბაზი და მდიდარი ბიბლიოთეკა, როგორც ქართულ, ისე -  უცხოურ ენებზე.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორთაჭალაში, გორგასლის ქ.№24-ში, მთავარი პროკურატურის შენობაში განთავსდა. ახალ ოფისში უწყება პირველი მასშტაბური პროექტის განხორციელებას უკვე თებერვლის თვიდან შეუდება - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ინტენსიურ ტრენინგებს სწორედ ამ ოფისში გაივლიან.