მთავარმა პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 04 თებერვალი 2011

საქართველოს პროკურატურა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას  განაგრძობს. 4 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   მთავარ პროკურატურასა და  იურიდიულ ფაკულტეტს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული.   

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ტრენერი-პროკურორების მიერ სტუდენტებისათვის   ლექცია-სემინარების, მასტერ-კლასებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარება, მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების ერთობლივად განხორციელება, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ერთიანი ლექცია-სემინარების ორგანიზება, იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო რესურსების გამოყენება პროკურატურის საინფორმაციო მასალების ანალიზსა და გრძელვადიანი პროექტების მომზადებაში და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები.

საქართველოს პროკურატურასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებისთანავე ამოქმედდება.