ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

თარიღი: 04 თებერვალი 2011

2011 წლის 4 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, გაიმართა  იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გ. ვაშაძის შეხვედრა ქვემო ქართლის ეროვნული უმცირესობებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ღონისძიება ორგანიზებული იყო იუსტიციის სასაწავლო ცენტრისა და უშიშროების საბჭოს მიერ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სამინისტროს ახალი ოფისი, პირადად დაესვათ კითხვები იუსტიციის მინისტრის მოადგილისათვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და განეხილათ ქვემო ქართლის მოსახლეობისათვის აქტუალური პრობლემები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებმა საინფორმაციო ტურის ფარგლებში განახორციელს. მანამდე მათი წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს მთავარ პროკურატურას და სხვა უწყებებს სტუმრობდნენ. სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენელთა გარდა, შეხვედრები შედგა  სახალხო დამცველის ოფისსა და საქართველოს პარლამენტთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროშიც.

ტურის დასრულების შემდეგ ვიზიტის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას ეროვნული უმცირესობებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას გააცნობენ.

საინფორმაციო ტური ინიცირებულია სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების სააგენტოს (CIDA) მიერ. ღონისძიება  ხორციელდება პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი - ქვემო ქართლი" ფარგლებში, რომლის  მიზანია, უზრუნველყოს ქვემო ქართლის დამწყები და მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და გაძლიერება, მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა, მათი საზოგადოებრივი საქმიანობის პოპულარიზაცია.