პროკურორებმა და მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა სპორტული შეჯიბრება გამართეს

თარიღი: 05 თებერვალი 2011

5 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები ურეხის ბავშვთა სახლს ეწვივნენ. სამართალდამცველებმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი ჩაუტანეს და საკუთარი  ძალები სპორტულ ასპარეზობაშიც მოსინჯეს - მათთან ფეხბურთის მატჩი გამართეს.
    
შეჯიბრება ურეხის ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე მდებარე სპორტულ მოედანზე ჩატარდა და ის ბათუმის რაიონულმა პროკურორმა ავთანდილ კილაძემ გახსნა. თითოეული გუნდი  ხუთი მოთამაშით იყო წარმოდგენილი. ასპარეზობის არბიტრის როლი კი  ბათუმის სპორტული სკოლიდან სპეციალურად მოწვეულმა მსაჯმა შეასრულა.

მატჩი მინიფეხბურთში 40 წუთს გაგრძელდა და მზრუნველობამოკლებული ბავშვების გამარჯვებით დასრულდა.

ვიზიტი ურეხის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდებთან. პროექტი მიზნად ისახავს, ასევე, პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, მისი გამჭვირვალობის გაზრდას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.