წარამატებული რეფორმები - წარმატებული ქვეყანა

თარიღი: 28 დეკემბერი 2011

დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა 2011 წლის მუშაობის  შედეგები შეაჯამა. 

პრეზენტაციაზე სოსო წიქარიშვილმა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, „2011 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სააგენტოსთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ შეამცირა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები და  ვადები. ამ ყველაფერმა ერთად კი, განაპირობა წარმატება და მომხმარებელთა კმაყოფილება. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველომ 181 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების კურსს და მოქალაქეებს 2012 წელსაც კიდევ ბევრ ახალ  და გამარტივებულ მომსახურებას შევთავაზებთ".

2011 წელს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული  პროექტებიდან  ყველაზე წარმატებულ პროექტად „საქართველო გუგლში" დასახელდა.

  • პროექტი: „საქართველო გუგლში". Google-ის რუკაზე საქართველოს ნაცვლად "თეთრი ლაქა" უკვე აღარ არის. ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში მონაცემები ჩვენი ქვეყნის შესახებ განთავსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია Google Maps-ზე მოიძიოს. ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ რუკაზე  უკვე დევს. ამ მონაცემებით მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ქუჩების, საინტერესო და ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების მარტივად და სწრაფად მოძიება; 
  • შეიქმნა მუდმივმოქმედი საინფორმაციო ქსელი ჯეო-კორსი. პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, სამოქალაქო მშენებლობისა და  გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისათვის. კორსი - ეს  არის მაღალი სტანდარტი თანამგზავრის გამოყენებით, მაქსიმალური სიზუსტე მიწის კადასტრისთვის, ნავიგაციისთვის, სეისმური კვლევებისთვის, სოფლის მეურნეობისათვის, მშენებლობის დაგეგმარებისათვის; 
  • შეიქმნა ქონების ვირტუალური ბირჟა" -  ეს არის ახალი ინტერნეტპორტალი, რომელიც უძრავი ქონების უსაფრთხოდ ყიდვა-გაყიდვას ემსახურება. პორტალის საშუალებით მოქალაქეს, რომელსაც სურს გაყიდოს, გააქირავოს ან დააგირავოს ქონება, შეუძლია სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად გამოაქვეყნოს  განცხადება სრულიად უფასოდ, ვებ-გვერდზე  www.reestri.gov.ge ან  www.eproperty.ge;    
  • დაიწყო საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის" ერთობლივი პროექტი;
  • 2011 წელს დაიწყო დამისამართების პროექტის განხორციელება, რომელიც  მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას.
  • აშენდა თანამედროვე   არქივის შენობა, რომლის შექმნის მიზანი  არსებული  ქაღალდის დოკუმენტაციის  შენახვისათვის საუკეთესო, უსაფრთხო პირობების შექმნა  და საარქივო ფართის მნიშვნელოვნად შემცირებაა.  შენობაში განთავსდა ქვეყნის  მასშტაბით   სარეგისტრაციო სამსახურებში ურავ ქონებასა და ბიზნესის რეგისტრაციაზე არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია,  ასევე  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის და საქართველოს ეროვნული არქივში დაცული დოკუმენტაცია.
  • განახლდა საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი www.reestri.gov.ge, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე, აქვს მარტივი საძიებო სისტემა და მუდმივად ახლდება.
  • საჯარო რეესტრი აქტიურად მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში „ჩვენ ერთი სახლი გვაქვს". აქცია მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად  ყოველწლიურად იმართება;
  • საჯარო რეესტრი შეუერთდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციას „მწვანე ყუთი". აქციის ფარგლებში სააგემტომ 3 ტონამდე ქაღალდის ნარჩენი ჩააბარა გადამამუშავებელ ქარხანას.
  • GITI 2011 კონფერენციაზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჯილდო საუკეთესო ინფორმაციული ტექნოლოგიის სისტემების კომპლექსური განვითარებისთვის მოიპოვა;
  • იუსტიციის სამინისტროს  ორგანიზებით ჩატარებულ ტურნირზე; ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?" საჯარო რეესტრის გუნდმა პირველი ადგილი და გარდამავალი ჯილდო „ბროლის ბუ" მოიპოვა;
  • იუსტიციის სამინისტროს ეგიდით ფშავის  არაგვზე  გამართულ  ჩემპიონატზე ჯომარდობაში, საჯარო რეესტრის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა;
  • „მინისტერიალის თასი 2011"-ის ფარგლებში, ბოულინგის ტურნირზე,  პირველი ადგილი იუსტიციის სამინისტროს სახელით მოასპარეზე  საჯარო რეესტრის თანამშრომელმა დაიკავა.