მთავარ პროკურატურაში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა

თარიღი: 28 დეკემბერი 2011

28 დეკემბერიდან, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მისულ მოქალაქეებს ახალი მისაღები მოემსახურება, ახალი შენობა მთავარმა პროკურორმა გახსნა. მურთაზ ზოდელავამ სტუმრებს - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოქალაქეთა ახალი მისაღები დაათვალიერებინა:

„მისაღების მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, - ჩვენი სურვილი იყო, აქ მოსულ მოქალაქეებს მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ თავი, მიეღოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, შეძლებოდათ მათთვის სასურველ საკითხზე კონსულტაციის მიღება მყუდრო გარემოში. ვფიქრობ, მისაღები ყველა ამ ფუნქციას შეასრულებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუადვილებს პროკურატურასთან კომუნიკაციას".

მთავარი პროკურატურის ახალი მისაღები მთლიანად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ნაგებობა მრავალფუნქციურია, პროკურატურაში მოსულ მოქალაქეს შეუძლია, ჩააბაროს ან დაწეროს წერილი თუ განცხადება მთავარი პროკურატურის თანამშრომლის სახელზე, დაელოდოს საშვის დაშვებას ან მიიღოს კონსულტაცია მისთვის საინტერესო საკითხზე. სპეციალურად სტუმრებისათვის მოქალაქეთა მისაღებში რამდენიმე კომპიუტერია, რაც მათ ინტერნეტით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

გარდა დარბაზისა, ახალ მისაღებში ფუნქციონირებს შეხვედრების ოთახები. აქ დაზარლებულებს და მოწმეებს  კოორდინატორები გაესაუბრებიან, რომელთა მთავარი ფუნქცია სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა და მათთვის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა, რაც მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ სისტემასთან უფრო ეფექტურს გახდის. საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების ოთახში მოქალაქეები პროკურორებთან კონსულტაციის გავლასაც შეძლებენ.