არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციიის პროგრამა - საქართველოს პროკურატურის 2011 წლის საუკეთესო პროექტი

თარიღი: 30 დეკემბერი 2011

30 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ გასული წლის სამუშაოები შეაჯამა და 2011 წლის საუკეთესო პროექტი გამოავლინა. უწყება ყველაზე მნიშვნელოვნად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს მიიჩნევს. მთვარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ წლის პროექტად „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" დაასახელა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული სასამართლო პროცესები, სადაც სპეციალურად დატრენინგებულმა პროკურორებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ქვეყანაში დანაშაულის კლების ტენდენციამ, უსაფრთხოების კვლევის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, თბილისი კი - ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად, საშუალება მოგვცა, უფრო გაბედული ნაბიჯები გადაგვედგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციისაკენ. მათგან ყველაზე წარმატებული -  არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულიად ახალია და საქართველოს მხოლოდ ექვს ქალაქს მოიცავს, მისი დახმარებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკვე 82 მოზარდი განერიდა, ეს კი ძალიან შთამბეჭდავი შედეგია".  

განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, იგი განარიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და არასრულწლოვნის საქმეს მას გადასცემს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის შეფასება-დახასიათებას, რის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. სამოქალაქო ხელშეკრულების თანახმად, არასრულწლოვანს დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე.საქმე სრულდება არასრულწლოვნის ნასამართლეობისა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვედრის გარეშე.

„არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" 2011 წლის ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ბათუმში. პროგრამა პილოტური იყო. 2012 წლის განმავლობაში პროგრამა მთელი ქვეყანის მასშტაბით გავრცელდება.