ეროვნულ საგანძურს ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი შედევრი დაუბრუნდა

თარიღი: 31 დეკემბერი 2011

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას ნიკო ფიროსმანაშვილის "მეარღნე" დაუბრუნდა.

ფიროსმანის კიდევ ერთი შედევრი რამდენიმე წლის წინ საქართველოდან არალეგალურად, კონტრაბანდული გზით გაიტანეს და უცხო სახელმწიფოს შავ ბაზარზე იყიდებოდა. ქართველი სამართალდამცველების ძალისხმევით ფიროსმანის ტილო "მეარღნე" უკანონო გასხვისებას გადაურჩა და დღეიდან ეროვნულ მუზეუმში განთავსდება.

ფიროსმანის შედევრის დაბრუნების წარმატებულ ოპერაციას ხელი შეუწყო დანაშაულებრივი ჯგუფის ერთერთი წევრის გამოძიებასთან აქტიურმა თანამშრომლობამ. გამოძიება გრძელდება.

"მეარღნე" არის ფიროსმანის 4-ე ნამუშევარი, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წელს ეროვნულ საგანძურს დაუბრუნეს: "კრუხ-წიწილა", "დაჭრილი ჯარისკაცი", თუნუქზე შესრულებული "კახური ღვინო" და წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა ფიროსმანის "მეარღნე".