იუსტიციის სამინისტროს ყველაზე წარმატებული პროექტი იუსტიციის სახლი

თარიღი: 04 იანვარი 2012

რუსთავის იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ  2011 წლის შედეგები შეაჯამა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ არაერთი სიახლე შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს,  ყველაზე მნიშვნელოვანი ნოვაცია მაინც იუსტიციის სახლებია: „იუსტიციის სახლები ქართული პროდუქტია, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, - მას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, იუსტიციის სახლი გასცდა მხოლოდ ერთი სამინისტროს ინოვაციური პროექტის ჩარჩოებს და ქართული  აღმშენებლობის სიმბოლოდ იქცა. დღეს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები, სხვადასხვა რანგის უცხოური დელეგაციები, მთავრობის წევრები, პრეზიდენტები, საზოგადოების წარმომადგენლები თუ ტურისტები, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად იუსტიციის სახლებს ათვალიერებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის სახლების პროექტი თანამედროვე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია“.

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში, გასული წლის 26 მაისს გაიხსნა. აქედან მოყოლებული, იუსტიციის სახლებს 60-ზე მეტი სხვადასხვა რანგის დელეგაცია ეწვია.

იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი 2011 წლის საუკეთესო ქართული ბრენდის პრიზის მფლობელიც გახდა. ეკონომიკის, პიარის, მარკეტინგისა და რეკლამის ექსპერტების გარდა, საუკეთესო პროდუქტის გამოვლენაში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო - სასურველი ნომინანტისათვის ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტპორტალ www.georgianbrand.ge-ს საშულებით ხორციელდებოდა.  

დღესდღეობით იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში. 2011 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, უწყება ნახევარ მილიონამდე ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.

2012 წელს იუსტიციის სახლები გაიხსნება თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, ყვარელსა და მარნეულში.წელს გაიხსნება ყველაზე მასშტაბური - თბილისის იუსტიციის სახლიც.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის  სერვისები    არა  მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული.

ბიზნეს-ლოგიკით აწყობილი მომსახურება, მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო,   მაღალკვალიფიციური,  კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი  მომხმარებელთა  თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.