საჯარო რეესტრის ონლაინ მომსახურების საფასური შემცირდა

თარიღი: 06 იანვარი 2012

2012 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება (29.XII.2011 №509 ),  რომლითაც  განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული  სააგენტოს მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთები, გადახდის წესი და მომსახურების ვადები.

დადგენილების თანახმად საჯარო რეესტრის  ამონაწერის მომზადება ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით, 15 ლარის ნაცვლად, 10 ლარი გახდა, ხოლო ამონაწერის დაჩქარებული წესით, განაცხადის შეტანის  დღეს  მომზადება,  ნაცვლად  50 ლარისა - 40 ლარია.
საჯარო რეესტრის ონლაინ მომსახურების საფასურის შემცირებასთან დაკავშირებით დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა ბრიფინგი გამართა.

სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული  ცვლილება ეხება როგორც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ამონაწერებს, ასევე ამონაწერებს სამეწარმეო და არასამეწარმეო/არაკომერციულ პირთა რეესტრიდან. ონლაინ მომსახურებაზე საფასურის შემცირება ხელს შეუწყობს  როგორც ელექტრონული სერვისების პოპულარიზაციას, ისე მომხმარებლებისთვის სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების გაწევას.  

„საჯარო რეესტრი არის ქვეყანაში პირველი ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც მოქალაქეთათვის  ონლაინ სერვისების მიწოდება 2006 წლიდან დაიწყო და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. დღეს უკვე, დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს ბიზნესისა და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება ქალაქიდან, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მიიღოს" - განაცხადა სოსო წიქარიშვილმა.   

საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია მოქა¬ლაქე¬თა მხრიდან. 2011 წლის მონაცემებით, საჯარო რეესტრში მომზადდა 122 772 ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ (ტრანზაქციების მთლიანი რაოდენობის 34.5%) და 66 215 ამონაწერი კომპანიის შესახებ (ტრანზაქციების მთლიანი რაოდენობის 24.0%).

ინფორმაციისთვის: საჯარო რეესტრის იუსტიციის სახლის ვებგვერდზე (www.reestri.gov.ge; www.house.gov.ge) მოქალაქეს სახლიდან და ოფისიდან  გაუსვლელად შეუძლია ამონაწერის განახლება. ამისათვის მან უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა, საბანკო პლასტიკური ბარათით ელექტრონულად გადაიხადოს მომსახურებისათვის დადგენილი შემცირებული საფასური და გადააგზავნოს ის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. სარეგისტრაციო სამსახური განსაზღვრულ ვადაში მოამზადებს შესაბამის დოკუმენტს და მოქალაქე ელექტრონულადვე მიიღებს განახლებულ ამონაწერს. რეგისტრაციის დასრულების და ამონაწერის მზადყოფნის შესახებ მომხმარებელს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება.

მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონულ ამონაწერს და მის ამონაბეჭდს, რომელსაც არ აქვს რეგისტრატორის ხელმოწერა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბეჭედი, აქვს იურიდიული ძალა და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.