იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ნოვაცია - სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემას იწყებს

თარიღი: 06 იანვარი 2012

2012 წლიდან იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტების გაცემას იწყებს. საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ, სამინისტრო იმ უწყებათა სიას დაემატა, რომლებსაც საგრანტო კომპონენტის განხორციელების უფლება გააჩნია. ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი შეხვდა.

„საგრანტო კომპონენტის ამოქმედებით იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო სექტორს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში ჩართვის რეალურ საშუალებას აძლევს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

პროექტის დეტალური პრეზენტაცია გამართა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო გიგაურმა. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში საგრანტო კონკურსები გამოცხადდება ისეთ პროექტებზე, როგორებიც არის ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის საჭირო სერვისების შეთავაზება.

უკვე შემუშავებულია  გრანტების გაცემის წესები, რომლებიც  უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და საუკეთესო პროექტების დაფინანსებას შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით. „საგრანტო პროგრამების შესახებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ინფორმაცია მიეწოდებათ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე www.justice.gov.ge  და  Facebook-ზე", - განაცხადა ანდრო გიგაურმა.

დოკუმენტი, რომელშიც გრანტების გაცემის პროცედურა დეტალურადაა გაწერილი, იუსტიციის მინისტრმა 2011 წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა.