2012 წლიდან ''არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციიის პროგრამა'' მთელ საქართველოში განხორციელდება
მიმდინარე წლიდან არასრულწლოვანთა განრიდების პროექტი მთელ საქართველოში განხორციელდება. ამ თემაზე დღეს, 11 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი მაკასარაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ავალიანმა მედიასა და „საზოგადოებას არასრულწოვანთა განრიდებისა და მედიაციიის პროგრამის" 2011 წლის შედეგები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„საქართველოს პროკურატურამ გასული წლის ყველაზე წარმატებულ პროექტად „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" დაასახელა, - განაცხადა დავით საყვარელიძემ, - ამ პროექტმა საშუალება მოგვცა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გაგვერიდებინა 84 მოზარდი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათგან განმეორებითი დანაშაულის ერთადერთი შემთხვევა გვაქვს. ამ პოზიტიურმა შედეგმა საშუალება მოგვცა, განრიდების პროექტის არეალის გაფართოვებაზე ვიფიქროთ".
იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის ანდრო გიგაურის განმარტებით, პროექტი 2012 წლამდე პილოტური იყო და საქართველოს ექვს ქალაქში მოქმედებდა, უახლოეს მომავალში კი ის, ეტაპობრივად, მთელ საქართველოს მოიცავს.
განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, იგი განარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და არასრულწლოვნის საქმეს მას გადასცემს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის შეფასება-დახასიათებას, რის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. სამოქალაქო ხელშეკრულების თანახმად, არასრულწლოვანს დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე.საქმე სრულდება არასრულწლოვნის ნასამართლეობისა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვედრის გარეშე.
დღემდე „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ბათუმში მოქმედებდა.