იუსტიციის სამინისტროში კიდევ ერთი საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 12 იანვარი 2012

12 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა.შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი.

„იუსტიციის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის, - განაცხადა შეხვედრაზე ანდრო გიგაურმა, ახალი პროგრამა კი, რომლის პრეზენტაციაზეც მოგიწვიეთ, მოიცავს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის საჭირო სერვისებს, რაც საშუალებას მისცემს არასამთავრობო სექტორს, ჩაერთოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში, შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით მოიპოვოს შესაბამისი დაფინანსება, შემდგომში კი დამოუკიდებლად განახორციელოს მსგავსი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები".

საგრანტო პროგრამის მიზნობრივი აუდიტორია განრიდებისა და მედიაციის პროექტში ჩართული მოზარდები ან ის არასრულწლოვნებია, რომელთაც ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 100.000 ლარია, რომლის ფარგლებშიც გაიცემა 8 გრანტი საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.

იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტების გაცემა 2012 წლიდან დაიწყო. საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ, უწყებამ საგრანტო კომპონენტის განხორციელების უფლება მიიღო.

პირველი საგრანტო კონკურსი  ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის იუსტიციის სამინისტრომ 5 იანვარს გამოაცხადა.