იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკებს მთავარ პროკურატურაში გაივლიან

თარიღი: 17 იანვარი 2012

17 იანვარს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში,  მთავარ პროკურატურაში პრაქტიკის გავლის მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდათ. იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის ეს კონკურსის მეორე და გადამწყვეტი ეტაპია - პროფესიულ ტესტირებაში წარმატებული პრეტედენტებიდან საუკეთესოები გასაუბრების შემდეგ გამოვლინდებიან.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის  სტუდენტებმა. მთავარ პროკურატურაში პრაქტიკების გავლის სურვილი პირველ ეტაპზე  87-მა ახალგაზრდა იურისტმა გამოთქვა. კონკურსის ბოლო ეტაპზე - გასაუბრებაზე, პროფესიული უნარების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მხოლოდ 37 მათგანი გავიდა.

პრაქტიკა მთავარ პროკურატურაში სწავლების თეორიულ მხარეებსაც მოიცავს. შერჩეული კანდიდატები იუსტიციის სასწავლო ცენტრში ლექციების კურსს გაივლიან,  რომლის დასრულების შემდეგ მომავალი იურისტები პროკურორებთან გადანაწილდებიან სამუშაოდ და მათგან შეიძენენ ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საუკეთესო საშუალება იქნება.

პრაქტიკის გავლის მსურველთათვის კონკურსი მთავარმა პროკურატურამ პირველად  2011 წელს გამოაცხადა, რასაც სტუდენტური წრეების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. ამის გათვალისიწინებით, პროკურატურაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მომავალ იურისტებს 2012 წელსაც მიეცათ.