თურქეთის დელეგაციის ვიზიტი რუსთავის იუსტიციის სახლში

თარიღი: 18 იანვარი 2012

18 იანვარს, რუსთავის იუსტიციის სახლს თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სტუმრებს სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, რომლის მიმდინარეობისას თურქი სტუმრები თავად გაეცნენ იუსტიციის სახლის ფუნქციონირების სპეციფიკას, დაათვალიერეს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები და შეაფასეს იმ რეფორმების შედეგები, რომელიც საქართველოში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარდა.

თურქეთის დელეგაცია საქართველოში 16 იანვრიდან იმყოფება. სტუმრებმა უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა და  ფინანსთა სამინისტროებში. დელეგაციის წევრები საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანსაც შეხვდნენ.

იუსტიციის სახლში თურქეთის დელეგაციის  ვიზიტის მიზანი ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების გაცნობა და 2011 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტის - იუსტიციის სახლის შესახებ ინფორმაციის მიღებაა.

იუსტიციის სახლი არის იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის,  აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული.