USAID-მა ქართულ მხარესთან დამისამართების პროგრამის მხარდაჭერის მემორანდუმი გააფორმა

თარიღი: 18 იანვარი 2012

18 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას, რომლის ცერემონიალიც იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, ხელი მოაწერეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ. პროექტი საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მემორანდუმი USAID-ის მხრიდან დამისამართების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება დამისამართების საკითხების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც თვეში ერთხელ შეიკრიბება და მონიტორინგს გაუწევს პროექტის მიმდინარეობას ქ. თბილისში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს ვალდებულებას, განსაზღვროს დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების ზუსტი ადგილმდებარეობა და შეადგინოს მონაცემთა ბაზა, რომელიც გამორიცხავს მისამართის არმქონე შენობების არსებობას და აღმოფხვრის მისამართების დუბლირების პრობლემას ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის 2007 წელს თბილისის შემოერთებულ ტერიტორებზე, იქ სადაც ქუჩებს სახელი არასოდეს ჰქონდათ მინიჭებული. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი სამოქალაქო რეესტრის სააგენტო განახორციელებს რეგისტრირებული ფიზიკური პირების მიკუთვნებას შესაბამის ბინებსა და მისამართებზე.

თბილისის მერია ვალდებულებას იღებს 2012 წლის ივნისამდე უწყვეტ რეჟიმში ყველა მისამართი სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს, ახლად შექმნილ ან შეცვლილ მისამართებზე კი ახალი მისამართის ნიშნები დაამაგროს და თბილისის იმ უბნებში, სადაც  მისამართების შეცვლა მოხდა, საზოგადოების ინფორმირება უზრუნველყოს.

სამუშაოს ტექნიკური ნაწილის განხორციელებაში ქართულ მხარეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.

USAID-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)" 14 ივლისს, რუსთავის იუსტიციის სახლში ოფიციალურად გაიხსნა. G3 სამწლიანი, 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამაა. ის USAID-ის მიერ ხორციელდება და მიმართულია იმ სირთულეების დაძლევისკენ, რომელთა წინაშეც დგას ქვეყნის მმართველობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.

G3 პროგრამა მიზნად ისახავს ინსტიტუციური ეფექტიანობის გაზრდას მმართველობის ყველა დონეზე, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და კომუნიკაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის.