ID ბარათის მიღების სურვილი ამ დრომდე 120 000-მა მოქალაქემ გამოთქვა

თარიღი: 20 იანვარი 2012

ელექტრონული პირადობის მოწმობის ID  ბარათის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება და დოკუმენტის მიღების სურვილს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს.

დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლში, ID ბარათების სერვისების შესახებ და ID ბარათების გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციები თანდათან  ფართოვდება. მისი საშუალებით შესაძლებელია რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა, ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა; მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად,  ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება ელექტრონულად  იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან შეუძლიათ, იუსტიციის სამინისტროში ID ბარათმა უკვე ჩაანაცვლა სამსახურებრივი მოწმობისა და საშვის ფუნქცია, 2011 წლის 10 დეკემბრიდან კი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობით გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, ID ბარათით ადამიანს პერსონალური ინფორმაციის დათვალიერება შეუძლია.

ახალი ნოვაცია შესთავაზა მომხმარებლებს „საქართველოს ბანკმაც". მათ აღარ უწევთ  მომსახურებისთვის საჭირო აპლიკაციის ხელით შევსება, ID ბარათის გამოყენებით, მოქალაქის მონაცემები ადვილად და უშეცდომოდ გადადის აპლიკაციაზე რიდერის საშუალებით.

ID ბარათის აღება საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი. დაჩქარებული მომსახურების მსურველებისათვის კი ელექტრონული პირადობის მოწმობა შაბათ-კვირასაც გაიცემა. ათი დღის ვადაში ბარათის აღების საფასური 30 ლარია, განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს - 40 ლარი, 60 ლარის გადახდის შემთხვევაში ID ბარათის აღება ოცდაოთხ საათშია შესაძლებელი, განაცხადის გაკეთების დღესვე ელექტრონული პირადობის მომწობის  საფასური კი 65 ლარს შეადგენს.