სეისმური დაკვირვების წარმოება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება შესაძლებელი

თარიღი: 24 იანვარი 2012

დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა გიგი თევზაძემ  ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანი ერთობლივი გეოდეზიური დაკვირვებების წარმოება, ტექნიკური თანამშრომლობა და სანავიგაციო  სისტემის ერთობლივი განვითარებაა.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, საჯარო რეესტრის GPS სადგურების ბაზაზე ეტაპობრივად მოხდება  სეისმური სადგურების ინსტალაცია  და არსებული რესურსების (ელექტროენერგია, ინტერნეტ კავშირი და სხვა)  გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს GPS  და სეისმოსადგურების ერთობლივ, გამართულ ფუნქციონირებას.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „სეისმოსადგურების ხშირი ქსელის შექმნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის მასშტაბით სეისმური პროცესების  მონიტორინგს და რეგისტრაციას, სეისმოეფექტების განსაზღვრას, სეისმური საშიშროების ზუსტ, დეტალურ  და ობიექტურ შეფასებას  და მიწისძვრის შედეგებისგან  დაცვას.  ასევე, სეისმოლოგიის დარგის სამეცნიერო-პრაქტიკულ კვლევებს.   ყოველივე ეს კი  საქართველოსთვის, როგორც სეისმურად აქტიური ზონისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია".

საჯარო რეესტრის GPS სადგურების არსებული ბაზა სეისმო-სადგურებისთვის საჭირო ყველა პირობას  აკმაყოფილებს: სადგურები იზოლირებული და დაცულია, აშენებულია მყარ გრუნტზე, აქვს დამოუკიდებელი კვების წყარო, განვითარებული ინფრასტრუქტურა,  სეისმური დაკვირვებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა და სხვ. სააგენტოს GPS  სადგურები თანამედროვე სეისმოგრაფებით ეტაპობრივად აღიჭურვება.

უწყვეტი მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემის (CORS) განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრმა უკვე დამონტაჟდა  16 სადგური,  აქედან 7 ა კლასის სადგურია და საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 9 ბ კლასის სადგური სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას.  საქართველოს  მასშტაბით  სულ  35 GPS სადგური დამონტაჟდება.   

„მუდმივი სეისმომონიტორინგის გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს გეოდეზიის დარგში ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების მომზადებას და განხორციელებას,  ახალი კადრების მომზადებას და ტრენინგს, როგორც სალექციო, ასევე საველე კვლევების სახით. თანამშრომლობა გრძელვადიანია და  შესაძლებელს ხდის   თანამედროვე დონის გეოდეზიური დაკვირვებების წარმოებას და მიღებული მონაცემების  სამეცნიერო დონეზე ინტერპრეტაციას," - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ.