რუსთავის იუსტიციის სახლს მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციები ესტუმრნენ

თარიღი: 26 იანვარი 2012

26 იანვარს, რუსთავის ისუტიციის სახლს მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციები ეწვივნენ.  საქართველოში სტუმრად მყოფმა მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა ვალერი ზუბკომ, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ იური უდარცოვმა და მათმა თანმხლებმა პირებმა იუსტიციის სახლი დაათვალიერეს. სტუმრებმა ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, მომსახურების სტანდარტებისა და ხარისხის შეფასების შესაძლებლობა კი მათ სპეციალურად დელეგაციის წევრებისათვის მოწყობილი ტურის ფარგლებში მიეცათ.

მოლდოვისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისების პროცედურებს გაეცნენ. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში გატარებული რეფორმებით და აღნიშნეს, რომ გამარტივებული პროცედურები სახელმწიფო მომსახურების სფეროში ქვეყანაში კორუფციის პრევენციის ეფექტურ მექანზმს წარმოადგენს.

მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლში ვიზიტამდე თბილისის პროკურატურის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. დღესვე, საქართველოსა და მოლდოვის პროკურატურას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს კოორდინირებულ მუშაობას დამნაშავეობის, კორუფციის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ადამიანით ვაჭრობისა და განსაკუთრებით, ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ.

მოლდოველი და უკარინელი პროკურორების ვიზიტი იუსტიციის სახლში  იმ წარმატებული შედეგების გაცნობის მიზნით განხორციელდა, რომელსაც საქართველომ სახელმწიფო მომსახურების სფეროს რეფორმირებით მიაღწია.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის  სერვისები    არა  მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული.

ბიზნეს-ლოგიკით აწყობილი მომსახურება, მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო,   მაღალკვალიფიციური,  კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი  მომხმარებელთა  თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.