საჯარო რეესტრი მოქალაქეთა ინფორმირებას განაგრძობს

თარიღი: 27 იანვარი 2012

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალი პროექტის შესახებ   რეგიონებში მოქალაქეთა ინფორმირებას განაგრძობს.

საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის" ერთობლივი სერვისი დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეებს სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა გააცნო.

მოქალაქეებს, რომლებსაც უძრავი ქონების გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურთ, საჯარო რეესტრი განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს - მათ უკვე საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ გამოაქვეყნონ განცხადება გაზეთ „საჯარო რეესტრი 24 საათში'' და საჯარო რეესტრის ვებგვერდზე.

„რუსთავში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ხელი შეუწყო ამ რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას. 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის მიხედვით  რუსთავი მე-3 პოზიციაზეა თბილისისა და  ბათუმის შემდეგ. ვინაიდან აქ  უძრავი ქონების ბაზარი  სტაბილურად ვითარდება, ჩვენ გადავწყვიტეთ რეგიონის მოსახლეობისთვის გაგვეცნო ჩვენი ახალი პროექტი.  პროექტი 6 თვის წინ დაიწყო და მომხმარებლებში უკვე დიდი ინტერესით სარგებლობს.  ამ პროექტით ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ რისკები უძრავი ქონების ბაზარზე. მოქალაქეებს  ვაწვდით უტყუარ ინფორმაციას ნებისმიერი ქონების შესახებ იმისთვის, რომ ქონებრივი გარიგებები უსაფრთხო გავხადოთ. ჩვენ ვზრუნავთ მოქალაქეების კომფორტზე და მათთან ერთად ვავითარებთ უძრავი ქონების ბაზარს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალხო პროექტია საქართველოში," - აღნიშნა სოსო წიქარიშვილმა.

მოქალაქეებს, რომლებსაც უძრავი ქონების გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურთ, საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ გამოაქვეყნონ განცხადება გაზეთ „24" საათში'' და საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.eproperty.ge.

ამისათვის  შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი  მომსახურება:

  1. დარეკონ საჯარო რეესტრის სატელეფონო ცენტრში ნომერზე 2 91 11 29 და ოპერატორს უკარნახონ განცხადება გაყიდვის, დაგირავებისა თუ გაქირავების შესახებ;
  2. საჯარო რეესტრის ტერიტორიული მომსახურების ოფისებში შეავსონ განცხადება და იქვე მოათავსონ ნარინჯისფერ ყუთში;
  3. შეტყობინება დატოვონ  საინფორმაციო ცენტრში  „09";
  4. SMS შეტყობინება გააგზავნონ  ნომერზე: 577 62-62-62; 
  5. განცხადება გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე : [email protected] ან [email protected];
  6. ,,საქართველოს ფოსტის'' პრესის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში შეავსონ განცხადება და მოათავსონ სპეციალურ ნარინჯისფერ ყუთში;
  7. განცხადება დამოუკიდებლად ატვირთონ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე: www.eproperty.ge

განცხადება „საჯარო რეესტრი 24 საათში" მიწოდებიდან, მაქსიმუმ, 3 დღეში გამოქვეყნდება და ზედიზედ გაზეთის 4 ნომერში გამეორდება, ვებგვერდზე კი ვადაში შეუზღუდავად განთავსდება.

გარდა ამისა, სულ მალე  ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება თითოეულ გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებაზე მოქალაქემ ზუსტად შეიტყოს: ადევს თუ არა მისთვის საინტერესო ქონებას ყადაღა, დატვირთულია თუ არა საბანკო ან არასაბანკო გირავნობა/იპოთეკით, მონაცემები ამ ქონებაზე

რეგისტრირებული პირების შესახებ, ირიცხება თუ არა წყლის, გაზის ან ელექტროენერგიის  დავალიანება და ა.შ.