იუსტიციის სამინისტროში ''პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' კანონი განიხილეს

თარიღი: 27 იანვარი 2012

2012 წლის 27 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაცების - ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, კერძო კომპანიები - საქართველოს საბანკო ასოციაცია და სადაზღვევო ორგანიზაციები.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გახსნა: „ჩვენ კარგად გვესმის პერსონალურ მონაცემთა დაცულობის საკითხისადმი  საჯარო ინტერესის არსებობა, - განაცხადა თ. ბურჯალიანმა, - ამიტომაც დღეს საჯარო განხილვაზე წარმოგიდგენთ კანონს, რომლის შემუშავებაშიც მონაწილობდნენ არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები. ვფიქრობთ, საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიულია და პირადი ინფორმაციის დაცვის უმაღლეს სტანდარტებს აწესებს".

შეხვედრის მონაწილეებს კანონის პრეზენტაცია სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა წარუდგინა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო  მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, იმ  დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს  ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებისა და  ვიდეოთვალთვალის განხორციელების პროცედურებს. აღინიშნა, რომ მონაცემთა შეგროვება შეიძლება მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნისათვის, ინფორმაციის შეკრება და დამუშავება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ნინო სარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს კანონის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისათვის გაწეული სამუშაოები გააცნო. ნ. სარიშვილის განცხადებით, მუშაობის პროცესში ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეისწავლა ევროპული ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფერო და სისტემები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ვალდებულებების ანალიზს, რომელსაც ევროპული კანონმდებლობა მონაცემთა დამმუშავებელი სტრუქტურას აკისრებს. ქართულ ნოვაციად კი მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება დაასახელა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის იმპლემენტაციას და ზედამხედველობა გაუწიოს კანონმდებლობის  მოთხოვნების შესრულებას.

კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" პარლამენტმა 2011 წლის 28 დეკემბერს მიიღო და იგი ძალაში 2012 წლის 1 მაისიდან შევა. მისი ეფექტური იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორიო დღე 2006 წლიდან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით აღინიშნება.