160 724-მა მოქალაქემ სახლიდან გაუსვლელად მიიღო დოკუმენტები

თარიღი: 30 იანვარი 2012

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის დახმარებით, 2011 წელს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე  3364 დოკუმენტი გაიცა, ხოლო ელექტრონული ფორმით 6000-მდე  განაცხადი იქნა მიღებული.  

აღნიშნული სამსახურის გასული წლის ანგარიში და 2012 წლის გეგმები ჟურნალისტებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა გააცნო. მისი თქმით, გასულ წელს დისტანციური მომსახურების სამსახური  160 724 მოქალაქეს მოემსახურა და მათ ეტაპობრივად 13 ახალი ონლაინ სერვისი შესთავაზა.

საზღვარგარეთ და ეხლა უკვე საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში გააკეთონ განაცხადი პასპორტისა და სხვა დოკუმენტების მიღებაზე. ქვეყნებს შორის საათობრივი სხვაობის გამო, მოქალაქეთა ინტერესების გათავლისწინებით, დისტანციური მომსახურების სამსახური 24 საათიან რეჟიმში  უქმე და სადღესასწულო დღეებშიც მუშაობს.

თუ ადამიანი საზღვარგარეთ იმყოფება და სურს მიიღოს პასპორტი, დაბადების, ქორწინების, სახელის, გვარის შეცვლის, შვილად აყვანის, გარდაცვალების მოწმობები, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა, სურს გააკეთოს განაცხადი საკონსულო აღრიცხვაზე ან მოქალაქეობის მინიჭიბაზე, შეუძლია სააგენტოს დაუკავშირდეს ნომერზე  +995 32 240 10 10.

აღნიშნული სამსახურის დახმარებით, 2012 წლის განმავლობაში  მოქალაქეები დისტანციურად კიდევ რამდენიმე სერვისს მიიღებენ. აქცენტი გაკეთდება საქართველოში მყოფი მოქალაქეების მომსახურებაზეც, რომლებიც ონლაინ სერვისებს აიდი ბარათის მეშვეობით მიიღებენ.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა  ისარგებლონ ვებგვერდით: www.passport.gov.ge http://intpass.cra.ge მომსახურებასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად მუშაობს skype: passport.gov.ge და  email: [email protected].

ამავე სამსახურს შეუძლიათ მიმართონ უცხოეთში მყოფმა პირებმა, რომლებსაც გაყალბებული აქვთ პირადი მონაცემები. ისინი 2012 წლის 31 დეკემბრამდე ამნისტიით ისარგებლებენ   და დოკუმენტებს საფასურის გადახდის გარეშე გაასწორებენ.