იუსტიციის სამინისტროში საგრანტო კონკურსის მონაწილეთა განაცხადების მიღება დასრულდა

თარიღი: 01 თებერვალი 2012

იუსტიციის სამინისტროში არასრულწლოვანთა  დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდამჭერი საგრანტო კონკურსის მონაწილეთა განაცხადების მიღება დასრულდა. პირველადი შედეგები ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა შეაჯამა.

„მოხარული ვართ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს, - განაცხადა ანდრო გიგაურმა, -   საგრანტო პროექტის კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი ოცმა აპლიკანტმა გამოთქვა, ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ყველა შემოთავაზებას და კონკურსის გამარჯვებულებს 2012 წლის 20 თებერვალს გამოვავლენთ".

განაცხადების მიღება იუსტიციის სამინისტრომ 12 იანვარს დაიწყო. სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე 16 აპლიკაცია შემოვიდა თბილისიდან, ორი ბათუმიდან,  თითო კი  -  ქუთაისიდან და რუსთავიდან. კონკურსანტებს შორის არიან როგორც ცნობილი და წარმატებული, ისე - ახალშექმნილი ორგანიზაციები. განმცხადებელთა უმრავლესობამ მუშაობის სურვილი არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიმართულებით გამოხატა.

გრანტების გაცმის უფლება იუსტიციის სამინისტროს 2012 წლიდან, საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ, მიენიჭა. შემუშავდა საგრანტო კომპონენტის განხორციელების წესები და პროცედურა, რომელიც  უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და საუკეთესო პროექტების დაფინანსებას შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით. საგრანტო პროგრამების შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სრულად ინფორმირების მიზნით, მოეწყო სამუშაო შეხვედრები არასათავრობო სექტორთან, გრანტებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდა იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე www.justice.gov.ge  და  Facebook-ზე.

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის საჭირო სერვისებზე საგრანტო პროექტების გამოცხადებით, იუსტიციის სამინიტრო საშუალებას აძლევს არასამთავრობო სექტორს, ჩაერთოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციის პროცესში, მოიპოვოს შესაბამისი დაფინანსება, შემდგომში კი დამოუკიდებლად განახორციელოს მსგავსი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.