ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ბათუმის იუსტიციის სახლს ესტუმრა

თარიღი: 09 თებერვალი 2012

9 თებერვალს, ბათუმის იუსტიციის სახლს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. სტუმრები იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციას და უწყების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დაათვალიერეს  თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ყირგიზეთის დელეგაციამ ბათუმის იუსტიციის სახლის დემოცენტრიც დაათვალიერა, რომელიც იმ ოპერაციების დემონსტრირებისათვის შეიქმნა, რომლებიც  იუსტიციის სახლებში ხორციელდება. იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრებს განუმარტა, თუ რა პროცედურებია საჭირო უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციის მისაღებად, რა დრო სჭირდება საცხოვრებელი მისამართის შეცვლა-გადამოწმებას და სხვა ოპერაციებს. დელეგაციის წევრებმა სადემონსტრაციო ცენტრში განთავსებული საგამოფენო დარბაზებიც დაათვალიერეს.

ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოში იმ რეფორმების გაცნობის მიზნით იმყოფება, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე განხორციელდა.  სტუმრები უკვე გაეცნენ ქართულ გამოცდილებას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების სფეროების, აგრეთვე -  პოლიციის სისტემის რეფორმირების კუთხით. ვიზიტი იუსტიციის სახლში კი სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგების გაცნობის მიზნით დაიგეგმა.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის  სერვისები    არა  მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული.

იუსტიციის სახლი ქართულ ნოვაციას წარმოადგენს, რაც მისდამი დიდ ინტერესს განაპირობებს. რამდენიმეთვიანი ფუნქციონირების მანძილზე იუსტიციის სახლებმა უკვე სამოცდაათამდე სხვადასხვა რანგის დელეგაციას უმასპინძლეს.

2011 წელს იუსტიციის სახლები გაიხსნა ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში. 2012 წელს კი იუსტიციის სახლები გაიხსნება საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში -  თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ოზურგეთში, გორში, ფოთში, მარნეულში, ბოლოს კი თბილისში.