ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

თარიღი: 10 თებერვალი 2012

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,  ნოტარიუსობის 11 კანდიდატი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია დღეს ახალდანიშნულ კოლეგებს შეხვდა და გააცნო სანოტარო საქმიანობის განსახორციელებლად კანონით დაკისრებული  ვალდებულებები და ყველა ის სერვისი, რასაც მათ ნოტარიუსთა პალატა სთავაზობს.

ნოტარიუსებს ჩაუტარდათ  ტრენინგი ელექტრონული სანოტარო რეესტრის წარმოებაში (2009 წლიდან ყველა სანოტარო მოქმედება ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდება), გაეცნენ სანოტარო მოქმედებების ონლაინ რეჟიმში შესრულების პროცედურებსა და ბოლო წლებში ნოტარიატში დანერგილ ყველა იმ  სიახლეს, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა სანოტარო  მომსახურება. ამასთან, ნოტარიუსები ჩაერთვებიან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამაში, რაც ასევე მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისია და  მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად.

ახალდანიშნული ნოტარიუსები, ასევე, გახდებიან საჯარო და სამოქალაქო რეესტრების,  მომსახურების სააგენტოს ელექტრონული ბაზების ავტორიზებული მომხმარებლები. აღნიშნული უწყებების ელექტრონული მონაცემებით ნოტარიუსები 2009-2010 წლებიდან  სარგებლობენ, რაც სანოტარო საქმიანობის განხორციელებასა და შესაბამისად, მოქალაქეთა მომსახურებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 216 ნოტარიუსია. იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ნოტარიუსების მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. 84  ნოტარიუსის თანამდებობა ვაკანტურია. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.