იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

თარიღი: 13 თებერვალი 2012

იუსტიციის სამინისტროში ახალი სტრუქტურა იქმნება - იუსტიციის სახლი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც გააერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად შესთავაზებს.

იუსტიციის სამინისტრომ დღეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ 13 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გამართა.

"საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს, ვინც დააკმაყოფილებს ვაკანსიისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საშუალებას ვაძლევთ მონაწილეობა მიიღონ ღია კონკურსში. იუსტიციის სახლი არამარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ნოვატორული უწყებაა, მაგრამ მას აქვს  უფრო მეტი სრულყოფის, ზრდისა და განვითარების პოტენციალი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც არამარტო შეინარჩუნებს მომსახურების სტანდარტებს იუსტიციის სახლში, არამედ განავითარებს და სრულყოფს მას, მოიზიდავს ახალ პარტნიორებს, შექმნის ახალ სერვისებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მინისტრის მოდგილემ ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების HR-პოლტიკის პრეზენტაციაც წარუდგინა. გ. ვაშაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა  გულისხმობს უწყების  ყველა რგოლის მონაწილეობას მმართველობის, იდეების გენერირების, შერჩევისა და დანერგვის პროცესში, რასაც საერთო კრება უზრუნველყოფს. იუსტიციის სახლებს მართავს ბორდი, ხოლო მის ფუნქციონირებას აკვირდება სამეთვალყურეო საბჭო.

რაც შეეხება უშუალოდ საკადრო პოლიტიკას, ახალი თანამშრომლის მიღება  ყველა პოზიციაზე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსით ხორციელდება. განცხადების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები ტესტირების, ჯგუფური და

ინდივიდუალური გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან მათთვის სასურველ პოზიციაზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე კონკურსი სწორედ ამგვარი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად,  ღიად  და გამჭვირვალედ ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შევსება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge; დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტის - www.justice.gov.ge; -ს  ვაკანსიების გვერდს უნდა მიმართონ.

2011 წელს, იუსტიციის სამინისტროს უწყებებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღების სურვილი 19199 კანდიდატმა გამოთქვა, მათგან 467 - სხვადასხვა პოზიციებზე დაინიშნა, 263-მა კი სამინისტროში სტაჟირება გაიარა.