საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი რუსთავის იუსტიციის სახლში
13 თებერვალს, რუსთავის იუსტიციის სახლს ფრანგული ელექტრონული მედიის, ჟურნალისტური და ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ და შენობის ინტერიერი დაათვალიერეს. სპეციალურად მათთვის მოწყობილი ტურის ფარგლებში, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დაკვირვებოდნენ იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას და დაეთვალიერებინათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები.
რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერმა ფრანგ სტუმრებს განუმარტა, თუ რა პროცედურები და დროის რა რესურსია საჭირო იმ სერვისების მისაღებად, რასაც იუსტიციის სახლი მომხმარებელს სთავზობს. მისი განმარტებით, ბათუმის, რუსთავისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, 26 მაისიდან მოყოლებული, ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს. ტურის ბოლოს იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრების შეკითხვებს უპასაუხა.
საფრანგეთის დელეგაცია მესამე დღეა, საქართველოში იმყოფება. მოეწყო შეხვედრები საქართველოს მთვარობის წარმომადგენლებთან. ფრანგმა სტუმრებმა დაათვალიერეს შსს-ს მომსახურების სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი, ქალაქ მცხეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობები. საფრანგეთის დელეგაციის წევრები რევაზ გაბრიაძის თეტრში გამართულ სპექტაკლსაც დაესწრნენ.
იუსტიციის სახლში საფრანგეთის ჟურნალისტური და ლიტერატურული წრეების წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტის მიზანი იმ წარმატებული რეფორმების შედეგების გაცნობაა, რომელიც საქართველოში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარდა.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული.