საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ქართული კანონომდებლობის ინგლისურენოვანი ბაზის შექმნაზე მუშაობას იწყებს
საკანონმდებლო მაცნე ახალ სტრუქტურულ ქვეგანაყოფს ქმნის. მთარგმნელობითი ცენტრის ფუნქცია საკანონმდებლო აქტების ქართულიდან - ინგლისურად და ინგლისურიდან - ქართულად თარგმნა იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი გიორგი წიკლაური და ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული ცენტრის (Georgian - European Policy and Legal Advise Centre) წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს პროექტის არსზე ესაუბრნენ.
დღემდე ქართული კანონმდებლობა ინგლისურ ენაზე ან ინგლისურენოვანი საკანონმდებლო აქტების ქართული ვერსია არ არსებობდა, თარგმანები ფრაგმენტული იყო და არც ერთ მათგანს არ გააჩნდა იურიდიული ძალა, რაც ხშირად უქმნიდა პრობლემას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე - უცხოელებს. სხვადასხვა თარგმანს შორის იყო შინაარსობლივი უზუსტობანი, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და დაინტერსებული პირი შეცდომაში შეჰყავდა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული.
მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რომელსაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალები შექმნიან და იურიდიული ძალა ექნება, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, მოხდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კი გამარტივდება საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა, რადგან მათ შეეძლებათ ინგლისურ ენაზე იხილონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი.
კონკურსი მთარგმნელობითი ცენტრის დასაკომპლექტებლად უკვე დაწყებულია, განაცხადების მიღება 16 თებერვლამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საკნონმდებლო მაცნეს ოფიციალურ საიტზე www.matsne.gov.ge.
„საკანონმდებლო მაცნეს" საიტი 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მის ბაზაში დაცულია საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები, მათში შესული ცვლილებები და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები.