ეროვნული არქივის ხელშეწყობით ბათუმის საზღვაო აკადემიაში მუზეუმი გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის თანამშრომლობით აკადემიის შენობაში მუზეუმი გაიხსნება, რომელიც საზღვაო დარგს მიეძღვნება.
ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ნიკოლოზ წიკლაურმა დღეს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს აკადემიისათვის საზღვაო დარგთან დაკავშირებით საარქივო მასალების ასლების მიწოდებას, მუზეუმის გახსნას, ერთობლივი გამოფენებისა და სამეცნიერო შეხვედრების მოწყობას.
"ეროვნული არქივი დახმარებას გაუწევს საზღვაო აკადემიას ეროვნულ საარქივო ფონდში საზღვაო თემატიკაზე დაცული მასალების შერჩევაში, სამეცნიერო კვლევასა და შემდგომ მუზეუმის დაფუძნებაში", - აღნიშნა თეონა იაშვილმა.
ეროვნული არქივში დაცულია ბათუმის საზღვაო აკადემიასა და საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებული როგორც წერილობითი, ისე ფოტომასალა. მათ შორის არის: 1921 წელს გამოცემული დეკრეტი, რომლითაც ბათუმის საზღვაო სკოლა დაარსდა; პირველი კურსანტების სიები; ხაჯთაღრიცხვები, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის სასწავლებლის განყოფილებებისათვის შეძენილი ინვენტარის თაობაზე. ფოტოარქივშია კადრები, რომელიც ასახავს საზღვაო სკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესს.