იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრეინინგი გრძელდება

თარიღი: 15 თებერვალი 2012

იუსტიციის სასწავლო ცენტრში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლები ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგს გადიან. ინტერაქტიული სემინარის მონაწილეები მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.

იუსტიციის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა გულისხმობს უწყების ყველა რგოლის მონაწილეობას მმართველობის, იდეების გენერირების, შერჩევისა და დანერგვის პროცესში. შესაბამისად, ახალი თანამშრომლების მიღება ყველა პოზიციაზე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსით ხორციელდება. განცხადების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები ტესტირების, ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან მათთვის სასურველ პოზიციაზე, შემდეგ კი გადიან ინტენსიურ ტრენინგებს.

სწავლების მიმდინარეობისას იუსტიციის სახლის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში, ასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, განიხილავენ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს. თეორიული ცოდნის გარდა, როლურ თამაშებში მონაწილეობის გზით, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც იძენენ. სწავლების მიზანი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შორის ეფექტური მომსახურების ერთიანი სტანდარტის შემუშავება და დანერგვაა.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. 2012 წლის 26 მაისს ბათუმში პირველი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.

უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ორგანიზაციად გარდაიქმნება, იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიაზე იუსტიციის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შევსება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge.