თბილისის იუსტიციის სახლს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ

თარიღი: 29 ნოემბერი 2012

თბილისის იუსტიციის სახლი ნორვეგიული დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს. იუსტიციის სამინისტროსა და „ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის" (NORLAG) წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის კონცეფცია  და სერვისცენტრის მუშაობის სპეციფიკა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჩიჩუამ გააცნო. მან სტუმრებს განუმარტა, თუ რა ოპერაციები სრულდება თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო სერვისების სფეროში დანერგილი ონლაინ მომსახურებების  შესახებ.

ნორვეგიელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე მიეღოთ პასუხი, სურვილის შემთხვევაში კი სერვისების მიწოდების პროცედურას დაკვირვებოდნენ. იუსტიციის სახლის კომფორტულმა გარემომ, მომსახურების  ხარისხმა და სისწრაფემ,  სერვისების სიმარტივემ დელეგეციის წევრთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვიზიტი ბოლოს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროსა და  NORLAG-ის მისიის  წარმომადგენლებმა ქართული რეფორმების თემაზე შექმნილი ფილმი „მომავლის საქართველო" ნახეს. სამახსოვრო საჩუქრებად კი იუსტიციის სახლისაგან სიმბოლური პასპორტები და საიმიჯო აქსესუარები მიიღეს.

იუსტიციის სახლი სერვისების მიწოდების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, ლოდინის საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.