იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტუდენტთა კონკურსს საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღესთან დაკავშირებით

თარიღი: 03 დეკემბერი 2012

2012 წლის 9 დეკემბერი საერთაშორისო ანტიკორუფციული დღეა.

გინდა დაეხმარო შენს ქვეყანას კორუფციის თავიდან აცილებაში?

გაქვს იდეები, რა უნდა შეცვალოს ახალმა მთავრობამ იმისათვის, რომ  გახდეს რეალურად ღია და გამჭვირვალე? 

გაქვს სურვილი, რომ შენი მოსაზრებები იუსტიციის სამინისტროს გაუზიარო და გააკეთო მათი   საჯარო პრეზენტაცია?

ხარ სტუდენტი?

ჩაერთე კონკურსში, მოგვაწოდე შენი აზრები, მიიღე მონაწილეობა შენი ქვეყნის რეფორმირებაში და მოიგე Kindle Fire ან სხვა პრიზები.

კორუფციის პრევენცია მრავალ მიმართულებას შეიცავს, მათ შორისაა: ღიაობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება; საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, მოქალაქეთა უკეთესი ჩართულობა საჯარო მმართველობაში,  ელექტრონული მმართველობის დახვეწა და ა.შ.

  •   თუკი გიფიქრია, რა გინდა შეიცვალოს ქვეყანაში ამ მიმართულებებით;
  •  თუ მოგსვლია იდეა, თუ რით შეუძლია სახელმწიფოს შენი და შენი თანამოქალაქეების ცხოვრების გამარტივება;
  •  თუ ზედმეტად მიგაჩნია რომელიმე ბიუროკრატიული დანაწესი;
  •  თუ ფიქრობ, რომ იცი, როგორ შეიძლება მოქალაქეთა ხმა უკეთ მისწვდეს გადაწყვეტილების მიმღებებს, -
  •  მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!  შენი იდეები შესაძლოა რეალურ პროექტად გადაიქცეს.

პარტნიორები:

  • საია
  • საერთაშორისი გამჭვირვალობა-საქართველო
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა?

I.     ყურადღებით გაეცანი  საქართველოს 2012-2013 წლის ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმას.  შენ  ნახავ პროექტებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს კორუფციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვჭირდება დამატებითი საინტერესო იდეები, თუ როგორ გახდეს ახალი მთავრობა რეალურად ღია და გამჭვირვალე.   შენ შეგიძლია:

1)   გაამდიდრო არსებული პროექტები და მოიფიქრო ახლებური გამოსავალი;

2)   და/ან მოგვაწოდო სრულიად ახალი იდეები.

II.   ნათლად და ამომწურავად ჩამოაყალიბე შენი იდეები MS Word-ის დოკუმენტზე  და მოგვაწოდე 2012 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით ამ ელ.ფოსტაზე: [email protected] (დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება).

III.მიუთითე:

  •  შენი სახელი, გვარი;
  •   მობილური ტელეფონის ნომერი;
  •   ელ.ფოსტა;
  •   უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი

(კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს მე-3 კურსიდან და ზემოთ)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ 30 საუკეთესო სტუდენტს.

რა მოხდება შემდეგ?

ღია მმართველობის პარტნიორობის არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი და იუსტიციის სამინისტრო შეარჩევენ იდეების 5 საუკეთესო ავტორს, რომლებიც 2012 წლის 12 დეკემბერს მოწვეულნი იქნებიან იუსტიციის სამინისტროში.

ღონისძიებას დაესწრება კონკურსში მონაწილე 30 საუკეთესო სტუდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის წევრები და საქართველოს იუტიციის მინისტრის მოადგილე.

საუკეთესო 5 სტუდენტი გააკეთებს საკუთარი იდეების პრეზენტაციას. შეხვედრის მონაწილეები ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამით, კონფიდენციალურად, ადგილზევე შეაფასებენ სტუდენტებს და აირჩევა 1 გამარჯვებული და მე-2 და მე-3 ადგილის პრიზიორები. 1-ლ ადგილზე გასული სტუდენტი საჩუქრად მიიღებს Kindle Fire-ს, მე-2 და მე-3 ადგილის პრიოზიორები Kindle Ink Display-ს.  ხუთივე სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.  

 

ჩვენ გვჭირდება შენი იდეები!