იუსტიციის სამინისტრო ყოფილ მსჯავრდებულებს დაეხმარება, საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ

თარიღი: 03 დეკემბერი 2012

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს  დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს იწყებს, რაც ამ ცენტრის საქმიანობაში სიახლე იქნება. ცენტრი  წინასწარ დაგეგმავს საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის პროცესს. ამ მიზნის განსახორციელებლად, 2012 წლის ნოემბერში სსიპ - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრმა უფროსი სოციალური მუშაკის და სოციალური მუშაკის ვაკანსია გამოაცხადა. პროექტში მონაწილეობის სურვილი ასობით ადამიანმა გამოთქვა. უფროსი სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე 482, ხოლო სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე  888 განაცხადია შემოსული (სულ 1370). საუკეთესო კანდიდატები კონკურსის საფუძველზე შეირჩევა. პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისიამ განმცხადებელთა საბუთები განიხილა. კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება დღეს გაიმართება. გამარჯვებული კანდიდატები კი სასურველ პოზიციაზე მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგებიან.

სოციალური მუშაკი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეა. სწორედ მან უნდა განახორციელოს ყოფილი მსჯავრდებულის პირველადი ფსიქო-სოციალური შეფასება; იმუშაოს ყოფილ მსჯავრდებულთან, მის ოჯახის წევრებთან და მათი მონაწილეობით   შეიმუშაოს ინდივიდუალური რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმა. სოციალური მუშაკი ამ გეგმის განხორციელებას მონიტორინგს თავად გაუწევს.  

ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროექტის მიზანია იმ ახალგაზრებზე ზრუნვა, რომლებიც ერთხელ უკვე მოხვდნენ საპატიმროში. პროგრამა მიზნად ისახავს ყოფილი პატიმრის  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ხელახალი მოხვედრის ალბათობის შემცირებას. დანაშაულის პრევენცია კი საზოგადოებაში დაცულობის, უსაფრთხოების განცდის შენარჩუნებას უწყობს ხელს.