თეა წულუკიანი ფრანგული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

თარიღი: 11 დეკემბერი 2012

საფრანგეთში ვიზიტის დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წამყვანი ფრანგული გამოცემებისა და ტელეარხების ჟურნალისტებს შეხვდა.

მინისტრი  საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სხვადასხვა მედიასაშუალების საერთაშორისო მიმომხილველებს ესაუბრა. მათ შორის,  ერვე ტუტენს (რადიო „France Infos"), პიერ რუსლენს („Figaro")  ელენ დესპიკ პოპოვიჩს („Liberation") ჟაკ უბერ-როდიეს (გაზეთი „les echos"), ვენსან ჟოვერის (ჟურნალი „Le Nouvel Observateur"), აქსელ ჟილდენს („L'express"), ვენსან ერვუეს („TF1/LCI"), ჰაროლდ ჰიმანს  („BFM TV"). ტელეარხ  "France 24" -ს გადაცემისთვის „I'Entretien" თეა წულუკიანმა  ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

მინისტრისა და ფრანგული მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი 1 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო ინარჩუნებს იმ კურსს, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია - ეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კურსი და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისკენ სწრაფვაა. მინისტრმა ფრანგ ჟურნალისტებს ის რეფორმები გააცნო, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის გაატარებს. ამასთან, მინისტრი შეეხო ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებსაც და აღნიშნა, რომ არცერთი ადამიანი არასდროს იქნება დაკავებული საქართველოში, თუკი სამართალდამცავებს მისი დაკავებისთვის საჭირო მყარი მტკიცებულებები არ ექნებათ. 

იუსტიციის მინისტრი პარიზში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერეციას დაესწრო.

ინტერვიუ ტელეკომპანია France 24- სთვის (ინგლისური ვერსია)

ინტერვიუ ტელეკომპანია France 24- სთვის (ფრანგული ვერსია)

ინტერვიუ რადიო France Info-სთვის (ფრანგული ვერსია)