იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უმასპინძლა

თარიღი: 17 დეკემბერი 2012

17 დეკემბერს, სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, საპარლამნეტო არჩევნების შემდეგ ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. სხდომის თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, ხოლო თანათავმჯდომარე - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა სახალხო დამცველმა, სხვადასხვა უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ, აღნიშნული საბჭოს მუშაობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სრულუფლებიანი წევრი ომბუდსმენი გახდა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფებში  აქტიურად  იქნებიან  ჩართულები ადვოკატთა ასოციაციის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ჩვენ მუშაობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განვახორციელებთ. მათ შორის: შევინარჩუნებთ და გარდავქმნით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მოხდება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გარდაქმნა, შევცვლით დაზარალებულის როლს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სხვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად მოახდინოს საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმირება და ის ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბროს,  რაც წინა ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ იყო. 

სოზარ სუბარმა, თავის მხრივ, იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული საბჭო მისი უწყების მიმართულებით შეიმუშავებს.

„საქართველოს უმთავრესი პრობლემა გადატვირთული ციხეებია, თუმცა ამას თავისთავად მოხსნის შეკრებითობის  წესის შეცვლა, სასამართლო სისტემის რეფორმირება, პირობით ვადამდე გათავისუფლება... დღეს პენიტენციალურ სისტემაში ყველაზე სწრაფად მისახედი თემა ჯანდაცვაა და ამ საბჭოს ფარგლებში ამაზეც ვიმუშავებთ. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებული უფასო იურიდიული დახმარების სამსახური აღარ იქნება პროკურატურის გაგრძელება" , - აღნიშნა სუბარმა.

სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში რვა  სამუშაო ჯგუფი შემდეგი მიმართულებით მუშაობს:

-   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
-    პენიტენციური სისტემა
-    პრობაცია
-    იურიდიული დახმარება
-    სისხლის სამართლის კანონმდებლობა
-    პოლიცია
-    სასამართლო
-    პროკურატურა

სამუშაო ჯგუფი საბჭოს ფარგლებში არსებული ორგანოა, რომელიც შეხვედრებს რეგულარულად მართავს. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დონორი/საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. ყველა სამუშაო ჯგუფს თავისი ხელმძღვანელი ყავს. საკუთრივ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი - რუსუდან მიხელიძე უხელმძღვანელებს.

საბჭოს მორიგი შეკრება მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაიმართება. ამ დროისთვის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ახალი სტრატეგია ექნება.