იუსტიციის მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებსა და სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

თარიღი: 25 დეკემბერი 2012

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გუშინ  თბილისში, ლესელიძის ქუჩაძე მდებარე კათოლიკურ ეკლესიას ესტუმრა და კათოლიკურ მესას დაესწრო. ცერემონიის დაწყებამდე, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს თხოვნით, მინისტრმა მრევლს მიმართა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა. თეა წულუკიანის განცხადებით, ქრისტეშობის დღესასწაული სულიერი თავისუფლების დღეა ყველა ქრისტიანისათვის:

„როგორც მთავრობის წარმომადგენელი, გპირდებით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში რელიგიური თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რომელიმე რელიგია, უმცირესობამ თუ უმრავლესობამ, თავის იარაღად გამოიყენოს. ჩვენ ვართ რელიგიური თავისუფლების მომხრე, რომლის პირობებში ყველა ადამიანს აქვს აღმსარებლობის თავისუფლება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კათოლიკური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი სახარების რწმენის ეკლესიის სალოცავს ესტუმრა და  შობის ბრწყინვალე დღესასწაული იქ შეკრებილ მრევლსაც მიულოცა.