ევროკავშირი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს

თარიღი: 16 იანვარი 2013

ევროკავშირი საქართველოს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დახვეწაში დაეხმარება. ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა სისხლის სამართლის რეფორმირების პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებთან ერთად განახორციელებს, დღეს, 15 იანვარს, „თბილისი მერიოტში" გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი,  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა  მინისტრი  - სოზარ სუბარი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა   ხატიაშვილი და ევროკავშირის დელეგაციის მისიის ხელძღვანელის მოადგილე   ბორის იაროჩევიჩი.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რომელსაც უკვე არა ერთი წელია, საქართველოში ევროპული სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებისთვის ახორციელებს.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი დახმარება და ვდებ პირობას, რომ ფული, რომელიც ევროპელმა ხალხმა საკუთარი ჯიბიდან ჩვენს დასახმარებლად გაიღო, საქართველოში სამართლებრივი სისტემის სრულყოფას მოხმარდება.  ჩვენ გვაქვს მიზანი სისხლის სამართლის რეფორმა იყოს დასავლური სტანდარტების და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. ჩვენ ამ წლის ბოლომდე დავასრულებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რათა საქართველოს მოქალაქეებს ქონდეთ იმედი იმისა, რომ  სამართალს თავიანთ ქვეყანაშივე იპოვნიან. ამას გარდა,  მოგეხსენებათ, რომ პარლამენტს წარვუდგინეთ ცვლილებათა პროექტი ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გაფართოების შესახებ. ეს ინტიტუტი დაიხვეწება და ევროპული სტანდარტების იქნება. ამას გარდა, გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გაადამიანურებას", - განაცხადა წულუკიანმა.

პროექტის - „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში", მიზანი კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა. ადგილობრივი და ევროპელი პროფესიონალი ექსპერტებისაგან შემდგარი გუნდი კონსულტაციას გაუწევს საქართველოს იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროებს,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას  და  სისხლის სამართლის რეფორმაში

ჩართულ სხვა ინსტიტუტებს, რათა ქვეყანაში დამკვიდრდეს  ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ევროპული სტანდარტი.

ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს მთავრობა ხუთ ძირითად ამოცანას განახორციელებს. ესენია: სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის რეფორმირება ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელება, პატიმართა უფლებების დაცვა - ციხეების გადატვირთულობისა და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება; პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროექტების შემუშავება; ალტერნატიული სასჯელების მხარდაჭერა; კვალიფიციური იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის ზრდა.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა და მას ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია „ჰიუმან დაინამიქსი"  („Human Dynamics") 30 თვის მანძილზე განახორციელებს.