საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი წარადგინა

თარიღი: 22 იანვარი 2013

იუსტიციის სამინისტრომ სასტუმრო „რედისონში" შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა. შეხვედრაზე მოწვეული იყო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, პროფესიული კავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე  გათავისუფლება იმსახურებდა. შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებით ეს საკითხი მთლიანად იცვლება; ასევე იცვლება შრომითი ხელშეკრულების ფორმატი, რომელიც, ძირითადად, ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა; არასათანადოდ იყო დარეგულირებული კოლექტიური ხელშეკრულების,  შრომითი დავების მედიაციისა და სოციალური პარტნიორობის  საკითხები;  ფაქტობრივად, არ ანაზღაურდებოდა  ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ. აღნიშნული და რიგი სხვა საკითხები შრომის კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტში ახლებურად რეგულირდება. 

იუსტიციის სამინისტრო შეეცადა, დაეცვა გონივრული ბალანსი ერთი მხრივ, დამსაქმებლის ინტერესებსა და მეორე მხრივ - დასაქმებულის უფლებებს შორის. მას შემდეგ, რაც ახალი შრომის კანონმდებლობა შეთანხმდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მას პარლამენტი დაამტკიცებს, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი წინსვლა, ისე - დასაქმებულთა შრომითი  უფლებების დაცვა.

იუსტიციის სამინისტროს შრომის კანონმდებლობის რეფორმირება საქართველოს ახალი მთავრობის პირველივე სხდომაზე დაევალა.  

ცვლილებების შემუშავებისთვის იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც   არსებული კანონმდებლობის ხარვეზების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. სამუშაო ჯგუფმა კონსულტაციები გამართა რიგი სამინისტროების, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა სხვადასხვა გაერთიანებების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. იუსტიციის სამინისტრომ მჭიდრო კონტაქტი დაამყარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO). სამუშაოს ბოლო ეტაპზე კი ILO-ს ექპერტებთან ერთად, შეკრებილი მასალების საფუძველზე, იუსიტიციის სამინისტროში შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი მოამზადა.