''საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე კანონის კოდიფიცირებული ვერსიის ნახვა ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეუძლია
იუსტიციის სამინისტროს „საკანონმდებლო მაცნე" მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. კანონების კოდიფიცირებული ვერსიები, რომლებიც საიტზეა განთავსებული, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი ხდება. დღემდე მისი ნახვა, ან ჩამოტვირთვა მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეეძლო. ფასიანი სერვისის წლიური ღირებულება კი დაახლოებით 280 ლარს შეადგენდა. არაავტორიზებული მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ კანონის პირველადი ვერსია და შესწორებები იყო.
რაც შეეხება matsne.gov.ge-ზე განთავსებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისათვის.
მიმდინარე წლიდან „საკანონმდებლო მაცნე" მომხმარებლისათვის არაერთი ახალი მომსახურების შეთავაზებას გეგმავს.
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" ის ოფიციალური ორგანოა, რომელიც ახდენს ნორმატიული აქტების რეგისტრაციას, გამოქვეყნებასა და სისტემატიზაციას. ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას „მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ იძენს.