იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

თარიღი: 06 თებერვალი 2013

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მექანიზმების გაცნობის მიზნით, ამერიკის შეერთებულ  შტატებში იმყოფება. 4 თებერვალს, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა  კალიფორნიის შტატის ორენჯ ქაუნთის ფედერალურ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართეს.

მოსამართლე დევიდ კარტერმა ქართველი იურისტებს საშუალება მისცა,  საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ რეალურ პროცესს დასწრებოდნენ. განიხილებოდა სასჯელის დანიშვნის საკითხი პროკურორსა და ბრალდებულს შორის, უკვე გაფორმებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. ქართული დელეგაციის წევრები პროცესში მონაწილე პროკურორს, ადვოკატს და ბრალდებულს გაესაუბრნენ. ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ქართული მოდელი პრინციპულად განსხვავდება მისი ამერიკული ანალოგისაგან. მინისტრის მოადგილის თქმით, „საპროცესო შეთანხმების ქართული მოდელის გამოსწორება რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება".

ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ, აგრეთვე, ფედერალურ პროკურორს დენიზ უილეტს, ადვოკატ ქეით ქორიგანს, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის უფროსს  ემი კარლინს და სხვებს. შემდეგი ვიზიტი კალიფორნიის შტატის ორენჯ ქაუნთის ქალაქ სანტა ანას პირველი ინსტანციის სასამართლოშია დაგეგმილი.