იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
12 თებერვალს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, აგრეთვე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
დავით ჯანდიერმა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერისათვის. მინისტრის მოადგილის თქმით, შვედეთის მხარის დახმარებით, სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სააგენტოებსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოხერხდა.
დავით ჯანდიერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო არაერთი ახალი გამოწვევის წინაშეა. მათ შორისაა - კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემისა და საჯარო სამსახურის რეფორმა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ამ მნიშვნელოვან სფეროში შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კვლავ დაეხმარება საქართველოს და ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე ახორციელებს მასშტაბურ „დამისამართების პროგრამას", მისი მხარდაჭერით მიმდინარეობს მთარგმენლობითი ცენტრის ფორმირება საქართველოს საკნონმდებლო მაცნეში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი შვედური მხარე ურთიერთთანამშრომლობის პროექტს ახორციელებს.