იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

თარიღი: 13 თებერვალი 2013

13 თებერვალს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებისათვის სამთვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" გამართულ ღონისძიებას  საქართველოში აკრედიტებული ელჩები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც გასული სამი თვის მანძილზე იუსტიციის სამინისტროსათვის პრიორიტეტული იყო. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოება, ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტი,  მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, ID-ბარათისადმი დამოკიდებულების კვლევა, ცვლილებები კანონში „ნოტარიატის შესახებ", - ეს იყო მინისტრის საუბრის ძირითადი თემები.

საკითხების პრიორიტეტულობა მათმა აქტუალურობამ განსაზღვრა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიზანი დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნდობით ისარგებლებს; ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეთა განხილვაში ნაფიც მსაჯულთა ჩართვა მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფს; შრომის კანონმდებლობის რეფორმა  დასაქმებულის უფლებების დაცვისკენაა მიმართული; მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა კი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვის შესძლებლობას  გააჩენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევენ.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სიახლეები დაინერგა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებშიც.  ხორციელდება პროკურატურის რეფორმა, სსიპ „დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრმა" უკვე დაიწყო ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე მუშაობა; ნოტარიუსთა პალატას კი საშუალება ეძლევა, თავად დაასახელოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და თავადვე აირჩიოს. დღემდე ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელს იუსტიციის მინისტრი წარადგენდა.

თეა წულუკიანი დიპლომატიურ კორპუსსა და ჟურნალისტებს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი  იუსტიციის მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა.