სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინა

თარიღი: 19 თებერვალი 2013

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები განხორციელდება. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომზადდა, პარლამენტში ამ დღეებში გადაიგზავნება. ცვლილებების მიზანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლებში არსებული ხარვეზების გამოსწორება, მათი დახვეწა, სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ამისათვის საპროცესო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა:

  • ახალი კანონმდებლობით, ადვოკატს ექნება უფლება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახელით გაასაჩივროს განაჩენი სააპელაციო და საკასაციო წესით, მათ შორის - გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ. აქამდე გასაჩივრებისათვის ბრალდებულის თანხმობა იყო საჭირო. 
  • კანონპროექტი ასევე აუქმებს მხარის ვალდებულებას, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებისას წარმოადგინოს მტკიცებულებები „ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის". ეს ჩანაწერი, ფაქტიურად, არაქმედითს და არაეფექტიანს ხდიდა დაცვის მხარის საჩივრებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების მიმართ.
  • ადვოკატს ექნება უფლება, მოითხოვოს სასამართლოსგან საგამოძიებო მოქმედებების - ჩხრეკისა და ამოღების ჩატარება. ეს მოქმედებები უნდა განახორციელოს იმ გამომძიებელმა, რომელსაც მიმდინარე საქმესთან კავშირი არ აქვს. ჩხრეკასა და ამოღებაზე დაუშვებელია პროკურორის დასწრებაც.

 

  • კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, დააკმაყოფილონ დაცვის მხარის მოთხოვნა და გასცენ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დღევანდელი კანონმდებლობით მათ ამგვარი ვალდებულება  არ გააჩნიათ, რაც ხელს უშლის ადვოკატებს  დაცვის ეფექტურად განხორციელებაში. მაგ.: ხშირად მობილური ოპერატორები უარს ამბობენ სატელეფონო საუბრების ამონაწერის გადაცემაზე, რის გამოც ადვოკატი ვერ ამტკიცებს  მისი დაცვის ქვეშ მყოფის ალიბის.

 

  • ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეხსნებათ ვალდებულება, მიმართონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას. მისი ჩატარების უფლება ყველა ლიცენზირებულ ექსპერტს ექნება.
  • ინიციატივის თანახმად, მცირდება სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ზედა ზღვარიც. კერძოდ, წესრიგის დარღვევისთვის მოქმედი კოდექსი 50-დან 5 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. მთავრობის ინიციატივით კი, ჯარიმის ჭერი 500 ლარამდე მცირდება.
  • მესამე პირს ენიჭება უფლება, გაასაჩივროს მის ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს განჩინება, რაც მას მოქმედი კანონმდებლობით არ შეეძლო.

გათვალისწინებულია ასევე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც, რომლებიც ეხება პრეიუდიციას, ირიბ ჩვენებას და სხვა მნიშვნელოვან სისხლის საპროცესო ინსტიტუტებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები  ადვოკატებს საშუალებას მისცემს, უფლებრივად გაუთანაბრდნენ პროკურორებს, რაც ქართულ სასამართლოებში  შეჯიბრებითობის პრინციპის რეალურად დანერგვის წინაპირობაა.

პარლამენტი კანონპროექტს უახლოეს პერიოდში განიხილავს.

უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გეგმავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონში სხვა ცვლილებების შეტანასაც, რომლებიც შეეხება დაზარალებულისათვის ბევრად უფრო ფართო საპროცესო უფლებების მინიჭებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურების გაუმჯობესებას და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმას.