იუსტიციის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

თარიღი: 28 თებერვალი 2013

იუსტიციის მინისტრმა  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში შეხვედრები გამართა. თეა წულუკიანმა ნატოში ვიზიტი კავკასიასა და შუააზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან, შეხვედრით დაიწყო, მოგვიანებით, სამუშაო შეხვედრა გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრ ვერშბოუსთან შედგა. სასაუბრო თემა საქართველოში სამართლებრივი სისტემის რეფორმირების საკითხი იყო.

ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მეტად საინტერესო ფაზაში იმყოფება.

„დემოკრატიის მშენებლობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართლის სისტემის რეფორმირებას, რაშიც თქვენი, როგორც იუსტიციის მინისტრის, როლი უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა მან თეა წულუკიანთან საუბრისას.

შეხვედრების  დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც თეა წულუკიანი მოხსენებით წარსდგა ნატოს წევრი 28 ქვეყნის ელჩის წინაშე. მოხსენების მთავარი თემა იუსტიციის სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები იყო. განსაკუთრებული ყურადღება მართლმსაჯულების სისტემას, შრომის კანონმდებლობას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაეთმო.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ახალი მთავრობის ურყევი ნება - ქვეყნის ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია.

მიმართვის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა ნატოს წევრი ქვეყნების თითქმის ყველა ელჩის კითხვას უპასუხა. შეხვედრის ბოლოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ და ელჩებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ნატოს პოზიცია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და „ღია კარის" პრინციპი საქართველოსათვის.