საკანონმდებლო მაცნე ბეჭდურ გამოცემას განაახლებს

თარიღი: 13 მარტი 2013

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, „საკანონმდებლო მაცნე", რომელიც უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ ელექტრონული სახით ფუნქციონირებდა, იურიდიული ტექსტების ბეჭდური სახით გამოცემას განაახლებს.

„მაცნეში" სტამბის ამოქმედების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ჩატარებული კვლევის შედეგად იურიდიული ტექსტების ბეჭდურ ვერსიაზე მოთხოვნა გამოიკვეთა. საჯარო უწყებების, უნივერსიტეტებისა და იურიდიულ სფეროში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დიდი მოცულობის მასალის კითხვისას და ტექსტზე ხანგრძლივი დროით კონცენტრირებისას ისინი იურიდიული ლიტერატურის ბეჭდურ ვერსიას ანიჭებენ  უპირატესობას. ე.წ. „ქაღალდის დოკუმენტაცია" უფრო მოსახერხებელია იმ შემთხვევაშიც, თუ საკანონმდებლო ტექსტების დემონსტრირების საჭიროება დგება სასამართლო პროცესსა თუ სხვადასხვა კონფერენციაზე.  გამოკითხულები აღნიშნავდნენ, რომ ოფიციალური სახელმწიფო ბეჭდვითი ორგანოს გამოცემები ტექსტებისადმი ნდობის ხარისხს ზრდის.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო იურიდიული ლიტერატურის ბეჭდვით გამოცემებს აღადგენს.  შეიქმნება სარედაქციო  საბჭო, რომელიც განსაზღვრავს მოკლე და გრძელვადიან პრიორიტეტებს იმასთან დაკავშირებით, თუ ნორმატიული აქტების გარდა, კიდევ რა ტიპის იურიდიული ლიტერატურა უნდა იბეჭდებოდეს „საკანონმდებლო მაცნეში".

განახლებულ სტამბას ნინო კვაჭანტირაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 2002 წლიდან მოყოლებული, 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ თანამდებობაზე.  2003 წელს    წარმატებული საქმიანობისათვის ის ღირსების ორდენით  დაჯილდოვდა.

„საკანონმდებლო მაცნის" სტამბის ამოქმედება მიზნად ისახავს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, იურიდიული ტექსტების ხელმისაწვდომობის გაზრდას.