იუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო-კერძო პარტნიორობის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს

თარიღი: 06 დეკემბერი 2013
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე ქ. ქობულეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით ორგანიზებულ საჯარო-კერძო პარტნიორობის (Public Private Partnership) კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც დღეს, 6 დეკემბერს, გაიხსნა.
 
ღონისძიების მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის დანერგვა საჯარო სექტორის მიერ ინფრასტრუქტურის სფეროში შეთავაზებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისათვის, კერძო ინვესტიციების ზრდის სტიმულირება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
 
ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო ექსპერტები განიხილავენ საჯარო-კერძო სექტორის ურთიერთობების ფორმებსა და პარტნიორობის წარმატებულ მაგალითებს, თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ფინანსურ მექანიზმებს, პარტნიორობის განვითარების სამართლებრივ ჩარჩოს. ერთობლივი პროექტების დაგეგმვის პერსპექტივა განხილული იქნება შემდეგი მიმართულებით: ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და ენერგეტიკა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, ფონდებისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. კონფერენცია ორდღიანია და ის 8 დეკემბერს დასრულდება.