იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

თარიღი: 09 დეკემბერი 2013
9 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში  „ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო პროექტებში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ცერემონიალში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი ჯონი კვინიკაძე და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე საგრანტო ხელშეკრულებას, რომელთა მთლიანი მოცულობა 90 000 ლარია. მიზანი არის ის, რომ ყოფილ პატიმრებს ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რათა მათ აღარ ჩაიდინონ დანაშაული, და ამ გზით შევძლოთ არა მხოლოდ მათი დახმარება, არამედ საზოგადოების დაცვა რეციდივისაგან“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ საგრანტო პროექტი საშუალებას მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრს სხვადასხვა სერვისი მიაწოდონ.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წელს გამოცხადებულ საგრანტო პროგრამებში „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა − GCRT“, „ფსიქოლოგ-კონსულტანტთა ასოციაციამ“ და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა  აფხაზეთმა“ გაიმარჯვეს. არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტს ყოფილ პატიმართა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით განახორციელებენ. 

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი − GCRT“ და „ფსიქოლოგ-კონსულტანტთა ასოციაცია“ ყოფილ პატიმართა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და მათი სოციალური უნარების განვითარებაზე იზრუნებენ. ყოფილ მსჯავრდებულთათვის, რომლებმაც სასჯელი უკვე მოიხადეს, სამთვიანი სტაჟირების პროგრამებიც  განხორციელდება, რომლებიც მათ მცირე ბიზნესის წამოწყებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეის დაფინანსება. ამ პროექტს „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ განახორციელებს. პროექტების ბენეფიციარები იქნებიან როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრები, რომელთაგან სერვისით,  სულ მცირე, 405 პირი ისარგებლებს. საგრანტო პროექტების საერთო ბიუჯეტი 90 000 ლარს შეადგენს.

„ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის“ განხორციელება 2012 წლის ნოემბრიდან იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო. საყოველთაო ამნისტიის პირობებში ეს იყო პირველი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ ციხიდან გამოსულ პირებს დახმარება შესთავაზა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით და მისცა მათ შანსი, ეგრძნოთ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. პროგრამას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“. პროგრამის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმები სამთავრობო სტრუქტურებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საწყისი ეტაპიდანვე პროექტის პარტნიორი და აქტიური მხარდამჭერია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

იუსტიციის სამინისტროს პროგრამით უკვე ისარგებლა 800-მდე ყოფილმა პატიმარმა. ბენეფიციარები ჩაერთვნენ როგორც  საგანმანათლებლო აქტივობებში, ისე 18 სხვადასხვა დასახელების კურსში, დასაქმდა 80-მდე პირი. პროგრამა ბენეფიციარებს დაეხმარა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, თავშესაფრის მოძებნაში.