იუსტიციის სამინისტრო საჯარო ინფორმაციის გაცემის ერთწლიან ანგარიშს აქვეყნებს

თარიღი: 10 დეკემბერი 2013
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 202 განცხადება შემოვიდა. ელექტრონული სერვისით კი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის − MY.GOV.GE − მეშვეობით ხორციელდება, 6 მომხმარებელმა ისარგებლა. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.  

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემოსული განცხადებებიდან საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 128 შემთხვევაში; 21 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 9 განცხადება განხილვის პროცესშია; 36 განცხადებაში აღნიშნული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და, შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; 8 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას.

სამინისტროში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სამინისტროსათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

იხილეთ თანდართული ფაილი